პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში, უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

პროკურატურის ვერსიით, რაც სასამართლომაც გაიზიარა, 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ხუნდაძეს თანამდებობა ეკავა და საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდა, გოგიჩაიშვილმა მას სთხოვა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოტანაში დახმარება. „ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვა. გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.