თბილისის მერის მოადგილის, კახა აბულაძის განცხადებით , დედაქალაქის საბავშვო ბაგა – ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან , რომლის თანახმად , მნიშვნელოვანია , რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მოხდეს რძის პროდუქტისა და სხვა ცხიმიანი საკვების მიღება . ამის შესახებ აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა , სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით , თუ რატომ შევიდა ცვლილებები საბავშვო ბაღების მენიუში . „ ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა .
საგანგებო რეჟიმი გულისხმობს , მათ შორის , სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს , რომელიც ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას . რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს , იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი , დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით – დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია , რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება , ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება , ასევე , შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება . ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს .
ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა . ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს თავისი კალორაჟით “, – განაცხადა კახა აბულაძემ . “ყველა საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია თბილისის საჯარო ბაღებში . ეს არის ერთ – ერთი წარმატებული ინსტიტუტი დედაქალაქში და ხშირად ხდება ხოლმე დარტყმებისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი . ეს არ ხდება მხოლოდ ამ სააღმზრდელო წლის დასაწყისში , ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს . რამდენადაც ძლიერი რეფორმები გატარდა , იმდენად ძლიერია ბრძოლა ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ “, – განაცხადა კახა აბულაძემ .
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



