06.11.2026 06.11.2026 საპროტესტო აქცია გაიმართა ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლასთან. მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებლებმა 5 ნოემბერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში ვეღარ გაგრძელდებოდა. სხვა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც მიზეზად ექსპერტიზის დასკვნა დასახელდა. მშობლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, შენობის ავარიულობა მე-4 კატეგორიით შეფასდა. მშობლები ითხოვენ, რომ თუ სკოლის შენობის დაცვლაა საჭირო, ბავშვებმა სწავლა ალტერნატიულ ფართში, პირველ ცვლაში გააგრძელონ.
ისინი ეწინააღმდეგებიან ონლაინ სწავლებას და მეორე ცვლაში გადასვლას. აქციის პარალელურად, დღეს სასკოლო საზოგადოებას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა – სავარაუდოდ, კვირას, კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, ორშაბათს ბავშვები სად გააგრძელებენ სწავლას. „[სამინისტროს წარმომადგენლებს] არაფერი ხელში არ უჭირავთ და მშობლებს გვთხოვენ, რომ ფართის მოძიებაში დავეხმაროთ. შევთანხმდით თითქოს, რომ უნდა შედგეს ჩვენ შორის კომუნიკაცია და ეს ფართი ერთად მოვძებნოთ.
15 წელია ამ სკოლასთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი მესამე შვილი სწავლობს ამ სკოლაში და სკოლა წლებია ავარიულია. და რა, ახლა გახდა საგანგაშო?! ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთ, ასე გვეუბნებიან, არის სამხარაულის დასკვნა, მეოთხე კატეგორიის დაზიანება, აქამდე სად იყვნენ?! ნოემბერია, შუა სასწავლო პროცესი“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ მშობელი ნონა ცაბაძე. კიდევ ერთი მშობელი, ეთერ ბუნტური გვეუბნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათთვის არ წარუდგენიათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. სკოლის საზოგადოება გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ: „[გვითხრეს] დასკვნა გვაქვსო და კომპეტენციის ეჭვი არ არსებობსო.
მე 1994 წელს დავამთავრე ეს სკოლა, მაშინაც იყო ავარიული, ისევე როგორც ამ ძველ უბანში ბევრი შენობა და ბევრი სკოლა. მშობლები შევიკრიბებით, კერძო ექსპერტიზას სწრაფ რეჟიმში განვახორციელებთ – რა ვადა გვაქვს. […] დავდებთ ალტერნატიულ დასკვნას“. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსმა, თამარ მენაფირემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა: „ახლა არის სამუშაო პროცესი, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია. სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით“. ამ ეტაპზე ასევე უცნობია კვირას რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა და სად.
ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა. მიზეზად დასახელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნები. ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართსა და მოდელს პროტესტი მოჰყვა. ათზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდა ; ალტერნატიული ფართი მოულოდნელად გაქირავდა – ჯერ უცნობია, სად გადავლენ 166-ე სკოლის მოსწავლეები .
თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს ალტერნატიული ფართი მოულოდნელად გაქირავდა – ჯერ უცნობია, სად გადავლენ 166-ე სკოლის მოსწავლეები სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა 06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე 06.11.2026 საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით 06.11.2026 „ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე 06.11.2026 საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება 06.11.2026 ენმ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაშის აკრძალვის იდეით გამოდის 06.11.2026 მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი X



