29.09.2026 29.09.2026 გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა. მას წარდგენილი ჰქონდა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ხასაიას დაკავება, თავად გელას და მისი უფლებადამცველის განცხადებით, უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს, მის მონაწილეობას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში, სადაც გელა ხასაია ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია და რომლითაც საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად და დარბევებისას გამოიყენა აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები, კერძოდ, კამიტი, იგივე ბრომობენზილ ციანიდი. საბოლოოდ გელა ხასაიამ და მეორე პირმა, რომელიც ამავე საქმეზე იყო დაკავებული, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს.

პოლიტიკურ აქტივისტს ციხეში ერთი წლის გატარება მოუწია. “სათქმელი მაქვს ძალიან ბევრი, თუმცა ახლა ემოციებისთვის თავის მოყრა ცოტა რთულია. მაგრამ მომეცემა შესაძლებლობა, როცა ვრცლად ვილაპარაკებ. მთავარი, რისი თქმაც მინდა: როცა საპროცესოზე გადაწყვეტილება მივიღე… სიმართლე გითხრათ, სხვისი აზრი დიდად არ მაინტერესებდა, უბრალოდ, ჩემს თავთან დავსვი შეკითხვები. მთავარი, რამაც დადებითად გადაწონა ჩემი გადაწყვეტილება, იყო ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ნებისმიერი ქმედება მოახდენდა თუ არა გავლენას სხვა ადამიანებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა მედავებოდა რაღაც სისულელეს (ვიღაც სამ ადამიანზე, რომელთა გვარი და სახელები ახლაც არ ვიცი, რომელი რომელია), ეს არ იყო პროპაგანდისთვის ისეთი ამბავი, რომ, მაგალითად, სხვისთვის ეთქვათ, აი, ეს ადამიანი რაღაცას აშავებსო. პიროვნულად ჩემზე თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს. არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე. ჩემი მთავარი ამოცანა და მთავარი ამბავი იყო ის, რომ მე ვერ გამომიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის.

ვერ იტყვიან, რომ ჩემი ეს ქმედება რაღაც აქციის ფორმატი იყო, ან პოლიციელი ვცემე, ან ნებისმიერი სხვა რამ… ანუ, რაც შეეხება „ქოცებთან“ დაპირისპირებას, იურიდიულად მე ამას არ მედავებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო წინაპირობა და მჯერა, რომ იქ რაღაც მოხდა (იმ ჩხუბს ვგულისხმობ, რასაც მედავებოდნენ), უბრალოდ, ვინაიდან მეც იქ, კადრში ვიყავი, მომედავნენ. მე არ ვთვლი, რომ ეს წინასწარ დაგეგმეს, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს თავზე. არ მგონია, რომ ეგეთი პოლიტიკური ფიგურა ვარ (საერთოდ არ ვარ და არც არასდროს მქონია ამის პრეტენზია).

უბრალოდ, აქციებში აქტიურად ჩართული ადამიანი ნახეს ჩხუბის კადრებში, სადაც გავიარე, გამოვიარე, მივედი, მოვედი და ეს გამოიყენეს”, – განაცხადა გელა ხასაიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, ციხიდან როგორც ჩანდი ის პროცესები, რომელიც ვითარდება საპროტესტო ჯგუფების შიგნით, იქნება ეს ოპოზიცია თუ სამოქალაქო აქტივისტები. “ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა: იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა ციხეში დარჩნენ, თითქოს ვიღაც რაღაცას ითხოვდა, მოითხოვდა, ვიღაც საერთოდ იქამდე მივიდა, რომ აფასებდა, სწორი იყო თუ არა, რომ რჩებოდნენ.

მე არ ვიცი, როგორ უნდა მისცე შენს თავს უფლება, ადამიანს უთხრა, რომ ან ისე ქნას, ან — ასე. ეს არის არასწორი. მე უბრალოდ შემიძლია, 100%-ით დავაფასო ის, რასაც აკეთებენ და მადლობა ვუთხრა მათ, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ. ძალიან მიხარია, რომ ორ თვეში მათი დიდი ნაწილი უკვე შემოგვიერთდება. მე არც იმის თქმას ვაპირებ, რომ მათ პასუხისმგებლობა დავაკისრო რომ გამოვლენ, აუცილებლად რუსთაველზე უნდა გამოვიდნენ ან ა.შ. ესეც მათი პირადი გადაწყვეტილებაა, ზოგი ისე მოიქცევა, ზოგი — ასე.

მაგრამ ჩვენი ვალი არის ის, რომ ემოციურად, ფინანსურად თუ სხვაგვარად მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს და პატივი ვცეთ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხასაიამ. რაც შეეხება იმას, თუ რა არ მოსწონდა მას. “მოდი, დავიწყებ იმით, რაც ყველაზე მეტად მიშლიდა ნერვებს და არ მომწონდა. ეს იყო რაღაც გაუგებარი შიდა კამათები, რომლებიც რეალურად არაფერს იძლევა გარდა იმისა, რომ „POSTV“, „იმედი“ თუ სხვები ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებენ.

მაგალითად, შეწყალებაზე ერთმა ადამიანმა, რომელიღაც აქტივისტმა (არ მახსოვს სახელი), დაწერა ნეგატიური კომენტარი და მთელი ორი კვირა პროპაგანდა ამ კომენტარს ისე ავრცელებდა, თითქოს ამას ფიქრობდა რუსთაველის აქციების თუ პროტესტის ყველა მონაწილე. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ვამბობთ საჯაროდ და რატომ ვამბობთ. რაღაცას რომ ვამბობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამით რაღაც მოგვარდება. თუ ვიცით, რომ ეს არაფერს მოაგვარებს, მაშინ არ მესმის პოლიტიკოსების ან აქტივისტების — რატომ კვებავენ პროპაგანდას იმით, რაც არაფრის მომტანი არ არის. ეს იყო ყველაზე ცუდი, რასაც ვხედავდი.

კარგს რაც შეეხება: ადამიანები, მიუხედავად უამრავი რეპრესიისა, ჯარიმებისა (სოციალურ ქსელზე, გზის გადაკეტვაზე, ტროტუარზე თუ ა.შ.), ჯიუტად აგრძელებენ იმ გზას, რომელიც ზოგმა ბოლო აქციების შემდეგ დაიწყო, ზოგმა 2012 წლიდან, ზოგმა კი გავრილოვის ღამიდან. ადამიანები რაღაცნაირად ჯიუტად აკეთებენ იმას, რაც ჰგონიათ, რომ სწორია (და მეც მგონია, რომ სწორია). ეს არის ის სხივი, რომელიც იმედს გაძლევს, რომ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლის. იმაში, რომ არ ჩაივლის, დარწმუნებული ვარ. თუმცა, მნიშვნელოვანია, დროის რა მონაკვეთში და რა ხანგრძლივობით გაგრძელდება ის კატასტროფა, რაც ქვეყანაში ხდება.

ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთი რამ გამოიკვეთა ჩემთვის: ეს აღარ არის მხოლოდ ღიად ოპოზიციონერების და „ქართული ოცნების“ ჯახი. ეს უკვე სკოლებს, ბაღებს — თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ადამიანს, რომელიც იძახდა, რომ აპოლიტიკურია, შეიძლება მოუწიოს ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება. როცა ჩვენ ხშირად ვამბობდით ხოლმე, რომ ეს ყველას შეეხებოდა და სხვები ვერ იაზრებდნენ ამის შინაარსს, ახლა ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ის კანონი, რომელიც ეხებოდა რუსთაველის ხალხს, შეიძლება გავრცელდეს იმ ადამიანებზეც, რომლებიც, მაგალითად, სკოლის არდანგრევას ითხოვენ და ა.შ.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.