არჩილ მუსელიანცის წერილი ციხიდან - „აქ ჩვენ ადამიანებად არ ვითვლებით..." 27 სექტემბერი, 2026 ადამიანის უფლებები პუბლიკა 14:42, 27 სექტემბერი, 2026 27 სექტემბერი, 2026 არჩილ მუსელიანცი, რომელიც აქციების დროს დააკავეს და რომელსაც 534 ლარის ზიანის გამო 4 წელი აქვს მისჯილი, ციხიდან წერილს აგზავნის. წერილში აღწერილია უმძიმესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, კვების უვარგისი ხარისხი, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, თანამშრომლების მიერ დამამცირებელი მოპყრობის დეტალები დ ა.შ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ: „მოგესალმებით, დავიწყებ პირადo გამოცდილებით, 2026 წლის 24 აგვისტოს მე უნდა გადავსულვიყავი სხვა საკანში, გავესაუბრე კორპუსის მთავარ ოფიცერს, გიორგი მახარობლიძეს სადაც მან აღნიშნა, რომ პრობლემა არ არის, გადაყვანა მოხერხდება. 40 წუთში კარები გაიღო და მე გამოვედი საკნიდან, თუმცა სხვა საკნის ნაცვლად, ჩამიყვანეს კარანტინში. გზაში ვკითხე E კორპუსის მთავარ ოფიცერს, გიორგი მახარობლიძეს, რატომ ჩავყავდი კარანტინში. მან მიპასუხა შემდეგი სიტყვებით: ,,ეგრე აღარ ხდება – საკნიდან საკანში’’, რაც არის სიცრულე.

ასევე მან თქვა ,,ხვალ საღამოს გაგიშვებენ კორპუსზე’’, ანუ კარანტინიდან გამომიყვანენ, რაც ასევე აღმოჩნდა სიცრუე, 30 აგვისტომდე ვიმყოფებოდი კარანტინში, 30 აგვისტოს საღამოს მე გამომიყვანეს კარანტინის საკნიდან და შემიყვანეს ოთახში, სადაც იმყოფებოდა 3 პირი, იქიდან 2 პირი იყო გიორგი ხელაძე (უფროსის მოადგილე) და ვახო, თუ არ ვცდები ჯავახიშვილი (ასევე მოადგილეა). ხელაძემ მკითხა ,,არჩილ როდემდე უნდა იყო კარანტინში?” თითქოს ჩემი ნებით ვიყო კარანტინში, მკითხა მიზეზი, რატომ მინდოდა გადასვლა. შემიყვანეს ისევ კარანტინის საკანში, კვირა დღე იყო.

1 კვირა კარანტინში ვარ არავისთვის არ დამირეკია და მშვენივრად იცოდნენ, რომ ორშაბათს ჩემთან ადვოკატი მოვიდოდა, რადგან ჩემები გაფრთხილებული მყავს, თუ არ დავრეკე ესე იგი რაღაც დამემართა. 30 წუთში კვლავ გამომიყვანეს კარანტინის საკნიდან შემიყვანეს ისევ იმ ოთახში, სადაც მხოლოდ გიორგი ხელაძე იყო. დამისვა კითხვა – ,,რა მოგიხერხო არჩილ?’’ ასევე მან მითხრა, რომ წერას შევეშვა, ანუ ციხის პრობლემებზე, რომელიც მეც მეხება, არ მესაუბრა საერთოდ. მე ვუთხარი მას, არ შემეხონ და არ შევეხები – ,,არავინ შეგეხება თუ რამე პრობლემაა, მე მითხარი’’.

თითქოს არ იცოდეს, რა პრობლემებია, თუნდაც ის, რომ 7 დღეა კარანტინში ვარ უკანონოდ, ისარგებლეს იმით, რომ ჩემი ნებით გამოვედი საკნიდან და ხელში ჩავუგდე თავი, თავიანთი ჭკუით დამსაჯეს, ის კი არ იციან, რომ რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს. 7 დღეში 3 ჯერ დაიშალა კარანტინი, ანუ პატიმრები გაანაწილეს კორპუსებზე. ესეც იმიტომ, რომ ადგილები აღარ იყო კარანტინში იმდენ ხალხს იჭერენ, მართლმსაჯულება სრულად ჩამოშლილია არ იყენებენ ალტერნატიულ სასჯელს, გარდა პატიმრობისა. მე-4 დაშლაში მეც მიმაყოლეს.

8 სექტემბერს, მორიგე ოფიცერმა მომაწოდა კორესპოდენცია, რომელიც იყო გახსნილი, ანუ გაჩხრეკილი, მოვითხოე გიორგი ხელაძესთან შეხვედრა, რადგან მან პირობა მომცა, პრობლემას მოაგვარებდა, ოღონდ განცხადებები არ მეწერა ზემდგომებთან და არ მესაუბრა ტელევიზიებში პრობლემების შესახებ, მაგრამ გიორგი ხელაძე შვებულებაში აღმოჩნდა, როგორც ოფიცერმა მითხრა, მოვითხოვე სხვა მოადგილეებთან შეხვედრა თუმცა მაგაზეც უარი მივიღე, ანუ არჩილ პრობლემებს კი მოვაგვარებთ, მაგრამ არ გვინდა, რომ პრობლემის შესახებ ვიცოდეთ, მაგრამ შენ მაინც ჩუმად იყავი, ჩაყლაპე შეურაცხყოფები.

ამის მერე 11 სექტემბერს მომაწოდა კვლავ იგივე ოფიცერმა (ლაშა ჰქვია ამ ოფიცერს გვარს არ დავწერ, რადგან მეცოდება) გახსნილი კორესპოდენცია, ოღონდ მარტო გახსნილი არ იყო, წერილი იყო ამოღებული, ანუ ცენზურა დაამკვიდრეს? ისე გათავხედნენ, რომ გახსნა და ჩხრეკა-შინაარსის გაცნობა არ კმარა, ფურცლების ამოღება დაიწყეს, კვლავ მოვთხოვე მოადგილეებთან შეხვედრა, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. მე ყველანაირად ვცადე მშვიდობიანად მომეგვარა აღნიშნული პირობები აფიშირების გარეშე, თუმცა უკუკავშირი ციხის ადმინისტრაციისგან ვერ დავინახე.

ამიტომ კვლავ გადავწყვიტე ციხის პირობებზე ღიად მესაუბრა, რადგან პატიმრებიც ადამიანები არიან, საერთო პრობლემები ყველა პატიმარს ეხება მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. თქვენ ყოფილხართ ისეთ სარდაფში, საიდანაც ფიზიკურად ვერ გამოხვალთ და გიწევთ იქ ყოფნა, სადაც კანალიზაციიდან განავალი ამოდის? ახლა ვსაუბრობ კარანტინზე, საპირფარეშოში მილიდანაც და ნიჟარის მილიდანაც განავალი ამოდის პატარა წვიმის დროსაც, წვიმა რომ მთავრდება განავლის ვულკანიც მთავრდება. თავად ნიჟარა საპირფარეშოში არ არის, 1 ნიჟარაა და საერთო ოთახშია, საკანში. წვიმა რომ დამთავრდა, ხომ არ გგონიათ, რომ სხვა საკანში გადაგვიყვანეს?

არა, რადგან გადასაყვანად ადგილები არ იყო, კანალიზაციის წყალი იმ სარდაფშივე შრებოდა და ჩვენ პატიმრები ამას ვსუნთქავდით. მთელი დღე რომ გავიდა, უკვე ჩვენ დავუძახეთ კარანტინის მორიგეს და ვთხოვეთ, რომ სხვა მშრალ საკანში გადავეყვანეთ, რადგან გაუსაძლისია აქ ყოფნა. მორიგემ უხეშად გვითხრა ,,მე რა ვქნა’’ და ასევე უხეშად და ხმაურიანად სახის წინ მიხურა რკინის სარკმელი. რომ წარმოიდგინოთ, როგორი სიტუაცია იყო გეტყვით, ყველას ფეხებზე ეკიდა პატიმრები, ყველას ერთი სული ჰქონდა ცვლა გადაებარებინა. მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ, როდესაც ჩვენი საკნიდან კანალიზაციის წყალი დერეფანში გადავიდა.

კარების ჩარჩო 5 სანტიმეტრი იყო, წყალმა რომ გადასხმა დაიწყო მხოლოდ მაშინ შეწუხდნენ თანამშრომლები, 20 წუთი ვერ გაუძლეს. ჩვენ კი 2 დღე 6 ადამიანი მანდ გვამყოფეს, ფართობით 40%-ით პატარაა, ვიდრე 6-კაციანი საკანი. გადაგვიყვანეს სასამართლოების მოსაცდელ ოთახში ე.წ. ,,ბოქსებში’’ რადგან კარანტინი გადაჭედილია და ადგილები არ იყო. იქ ვიყავით სანამ სპეცილიზირებული ადამიანი საკანს ამშრალებდა. და ასე ხდება ყოველი წვიმის დროს, როცა კარანტინში ხარ ყველაფრის ყიდვა გეკრძალება გარდა წყლის, სიგარეტის, ასანთის და საპირფარეშო ქაღალდის. კარცერშიც იგივეა, უბრალოდ კარცერში მარტო ხარ და წიგნებიც შეიძლება [წაიკითხო].

ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ კარცერში უკეთესია, ვიდრე კარანტინში. კარანტინში გდია 6 ლეიბი და 6 ბალიში, რომლებიც ძალიან ბინძურია, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბინძურია. მატყლის ლეიბია და ათასჯერ დაშარდული, ათას ადამიანგამოვლილი, ტარაკნები ყველა ზომის, ყველა ჯიშის და ყველა სახის, ფიზიკურად ვერ დაიძინებ. ვირთხები, რომლებიც საპირფარეშოდან ამოდიან-ჩადიან. ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, გაგრძნობინონ, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომ შენ ხარ პირუტყვი, საქონელი, რადგან კანონი დაარღვიე შენ არ ხარ საზოგადოების წევრი.

კარანტინში არ შეიძლება ტანსაცმელი, დეზინფექციას არ გიტარებენ, არ გაბანავებენ, როგორც ნომერს ისე გექცევიან, შენ არ ხარ ადამიანი, როგორც საგანს, ისე გამწყვდევენ. კარანტინში დასჯის მეთოდად იყენებენ ,,დეესკალაციას’’. დასჯის მიზეზი ელემენტარულია, სტრესულ მდგომარეობაში ადამიანის პროვოცირება უადვილესია, ზოგი ვერ იტანს ასეთ პირობებს და როცა ითხოვს ადამიანურ მოპყრობას, თანამშრომლების აგრესიას იღებს, უზრდელობას, დამცირებას, ღირსების მქონე ადამიანი უწევს ტონს. ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თანამშრომლებმა დაიწყონ ღრიალი, გინება და შემდგომ უშვებენ დეესკალაციაში საწყალ პატიმარს.

დეესკალაცია არის შეურაცხადი პატიმრებისთვის. შიდა სივრცე მთლიანად გადაკრულია რბილი ნაჭრით ისე, რომ ადამიანმა თავი ვერ დაიზიანოს; მასიური კარები ხმის იზოლაციით და კარების გვერდზე ბრონირებული შუშა გამჭირვალე ზომით 50 სმ სიგრძე, 30 სმ სიგანე, რომ თანამშრომლებმა გიყურონ, რას აკეთებ, ძირს აგდია რეზინის მყარი ლეიბი. მანდ მჯდომ პატიმარს ვიცნობ, რომელმაც ეს მომიყვა, ბრონირებული შუშიდან პერიოდულად გაბოროტებული თანამშრომლები აკაკუნებენ, ეკაიფებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ. ცდილობენ, რომ დანებდე და გატყდე, სიგარეტს არ აწევინებენ, თუ შეეხვეწები 3 ღერს მოგაწევინებენ დღეში.

დილის საკვებს შუადღეს აჭმევენ გაყინულს, შუადღისას – საღამოს, საღამოს საკვებს არ აჭმევენ. მანდ თუ მოხვდი, როცა გამოხვალ ან პაემანი გაქვს აკრძალული 1 თვით, ან დარეკვა 1 თვით, ან მაღაზია ან ამანათები. ზოგადად სიტყვა ,,კარანტინი’’ გაფიქრებს სივრცეზე, სადაც უმაღლეს დონეზე არის სისუფთავე, დეზინფექცია და ა.შ. დაჭერილი პატიმრები კარანტინში დეზინფექციას არ გადიან, პირიქით იქ იკიდებენ დაავადებებს.

მეც იქ 7 დღე რომ გავატარე, სიცხე მომცა, კორპუსზე რომ ამომიყვანეს, 2 დღე ვითხოვდი წამალს, პარაცეტამოლს, არ ვითხოვდი ექიმთან გასვლას, რადგან დრო გაიწელებოდა, ოფიცრები არ ეუბნებოდნენ ექიმს, რომ წამალი მინდა, როგორც იქნა მე-3 ცვლამ გამიყვანა ექიმთან – სიცხე გამიზომეს 38.6 მქონდა და მომცეს პარაცეტამოლი. ნემსზე უარი ვთქვი, ზოგადად პატიმრების ძალიან დიდი რაოდენობის გამო კი არ ხერხდება დროული სამედიცინო მომსახურეობის მიღება, არა, ვერ ხერხდება, ძალიან ბევრი პატიმარია. კორპუსს ჰყავს ექიმი, რომელიც მოდის საღამოს 5-6 საათზე. ამ დროში მან უნდა ნახოს უამრავი პატიმარი, ხშირ შემთხვევაში ექიმის ნახვა დაყოფილ