„ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „გახარია — საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლის შემდეგ მიღებული რეპრესიული ნორმების გაუქმებას ითვალისწინებდა. მათ არ განუმარტავთ, შეცდომით მისცეს თუ არა ხმა ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტს, რომელიც 28 ხმით, 16-ის წინააღმდეგ, მაინც ჩავარდა. თავად გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს.

პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რეპრესიული კანონების გაუქმებას მხარი დაუჭირა „ხალხის ძალის“ 2-მა და „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას ჩათვლით.