კერძოდ, ადვოკატის ცნობით, ელიზბარაშვილს აეკრძალა: ხანგრძლივი პაემნის უფლება; ხანმოკლე პაემნის უფლება; მიმოწერის უფლება; სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. რაც შეეხება საფუძვლებს, ადვოკატი წერს: „აკრძალვის საფუძვლები: მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე; მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“ 4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება . თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე, „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს. 8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს.